უმრავლესობა კანონპროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას გეგმავს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს აინიციირებს და ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის. საკითხი ევროკომისიის რეკომენდაციებში მე-4 პუნქტია.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, სახელმწიფო ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმოადგინა შემდეგი ცვლილებები:

  1. შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
  2. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
  3. ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
  4. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი:

  • ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს!
  • ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფიული ბიუროს უფროსს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

ოხანაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს უკვე მიღებული იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის და NGO-ების ნაწილი არ მონაწილეობს.