რომელი მოსამართლე უფრო დასაფასებელია, ვინც არ ერიდება პარტნიორების კრიტიკას თუ ვინც ამის გამო ემიჯნება კოლეგებს? - გვრიტიშვილი

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა და ის მოსამართლეები გააკრიტიკა, რომლებმაც გუშინ, 27 ოქტომბერს ამ პროგრამის დადებით მხარეებზე ისაუბრეს.

„იმედის“ ეთერში სტუმრობისას გვრიტიშვილმა თქვა, რომ მიმდინარე მოვლენების შეფასებამდე მცირე ისტორიული ექსკურსია საჭირო.

მან გაიხსენა 2013 წელს შექმნილი „მოსამართლეთა ერთობა“ და თქვა, რომ ამ გაერთიანებით გარე ძალებს სურდათ სასამართლო სისტემაში სხვა მოსამართლეების დევნა და გავლენის მოპოვება.

გვრიტიშვილის თქმით, მაშინ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან მოსამართლეებმა „გარე ძალების განზრახვა გააცნობიერეს“ და ერთობა დატოვეს, დღეს კი ოპონენტები სხვა ტაქტიკით ცდილობენ გავლენის მოპოვებას.

„2013 წელს ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ასოციაცია. ალტერნატიული, ძირითადი ასოციაციის ალტერნატიული ასოციაცია, რომელსაც ეწოდა „ერთობა“.

„ერთობაში“, საბოლოოდ, თავიდან, თუ არ ვცდები, 18 მოსამართლე იყო დამფუძნებელი, მერე 50-მდე გაიზარდა რიცხვი.

რატომ ვაკეთებ ამ ექსკურსს: ჩვენი ოპონენტების სტრატეგია უცვლელია ყოველთვის, მათი მიზანია კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე, მაგრამ ტაქტიკა ხშირად იცვლება.

მაშინ რა ტაქტიკა იყო –  2013 წელს შეეცადნენ, სასამართლოს შიგნით, მოსამართლეთა კორპუსში შეექმნათ მოსამართლეების ჯგუფი, რომელთა მეშვეობითაც დანარჩენ ჯგუფში შემავალ მოსამართლეებს განდევნიდნენ. ჩემი კოლეგების, იმ 50 მოსამართლის უმეტესობა ცვლილებების განხორციელების ბუნებრივი სურვილით გაერთიანდა, შეცდომაში იქნენ შეყვანილნი. ეს შემდგომმა პროცესებმა დაადასტურა, როცა გააცნობიერეს ამ ასოციაციის დამფუძნებელთა და გარე ძალების ინსპირატორთა განზრახვა, დატოვეს ასოციაცია და ეს ასოციაცია დაიშალა.

სანამ დაიშლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო ანტაგონისტური დამოკიდებულება იყო სასამართლოს მენეჯმენტთან [2013 წლიდან მურუსიძე იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი], მიდგომა იყო ასეთი, რომ არ გვსურს განხეთქილება, ჩვენ მოწოდებული ვართ სასამართლო კორპუსის ერთიანობისკენ,  ამიტომ იმ ასოციაციის მოსამართლეების უმრავლესობა გადაინიშნა თანამდებობაზე უვადოდ.

ახლა რომ ნახეს ამ გარე ძალებმა, რომელთაც სურთ რეალურად კონტროლის მოპოვება სასამართლო ხელისუფლებაზე, შეცვალეს ტაქტიკა. რამდენიმე მოსამართლე [ეკა არეშიძე და სხვები, რომლებმაც მურუსიძის განცხადება გააკრიტიკეს] , არის გარკვეული ჯგუფი მოსამართლეების, რომელიც აფილირებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. საბჭოს და სასამართლო ხელისუფლების დღევანდელი მენეჯმენტის, ჩემი და ჩემი კოლეგების სახით, ვიცი მათი განწყობა,  ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია არ შეცვლილა. ჩვენ ისევ მოწოდებული ვართ ერთიანობისა და მშვიდობისკენ.

რაზეც ჩემი ოპონენტები საუბრობენ, რომ თურმე, ამ ჩემი ფრაზის საპასუხოდ, რომ თურმე მართლმსაჯულების ფუნქცია არ ყოფილა თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა, უტრირებაა ჩემი კოლეგების მხრიდან, ჩვენ მოწოდებულნი ვართ მშვიდობისკენ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში განხეთქილება არ იყოს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუ განხეთქილების შემოტანის ასეთი მცდელობა აღარ იქნება“, – ამბობს მოსამართლე.

გვრიტიშვილმა ასევე გაიხსენა 2021 წლის 31 ოქტომბრის მოსამართლეთა კონფერენციის შემდეგ აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მისამართით კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის გავრცელბული განცხადება და მოსამართლეთა ჯგუფის მიერ ამ განცხადების კრიტიკა.

„ვთქვით, რომ საქართველოს სუვერენიტეტიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე ყველამ თავი უნდა შეიკავოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ჩარევისგან, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, ვის ავირჩევთ საბჭოს წევრად.

როდესაც ეს გავაპროტესტეთ, ჩემმა კოლეგები მოსამართლეების უდიდეს უმრავლესობას გაგვემიჯნენ ასეთი პათოსით, რომ დასავლურ ცივილიზაციასთან საქართველოს ინტეგრაციისთვის ინდივიდუალურად ძლიერი მოსამართლე არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ვეთანხმები, ოღონდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც ამდენი რესურსი დახარჯეს სისტემის განვითარებისთვის, უნდა იყვნენ კრიტიკის მიღმა – ეს იყო პათოსი, ამ მოტივით გაგვემიჯნენ.

ახლა ასეთი კითხვა მიჩნდება: რომელი მოსამართლეა სახელმწიფოსთვის დასაფასებელი, რომელია ინდივიდუალურად ძლიერი? ის მოსამართლე, რომელიც არ შეუშინდება ოპონენტის სამართლებრივ სტატუსს, თუნდაც ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენელს, როგორიც აშშ-ია, თუ მიიჩნევს, რომ მისი განცხადება არის გასაკრიტიკებელი და გააკრიტიკებს, ეს მოსამართლეა უფრო ძლიერი და სასურველი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თუ მოსამართლე, რომელიც მზად არის, თავის კოლეგებს გაემიჯნოს იმ მოტივით, რომ კრიტიკის მიღმა დატოვოს საერთაშორისო პარტნიორები?“, – განაცხადა გვირიტიშვილმა.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ აშშ-ში ქართველი მოსამართლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები გააკრიტიკა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მოსამართლეების წაყვანა გამოცდილების გასაზიარებლად არაეფექტიანია და უკეთესი იქნებოდა, თუკი სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით არ შეეცდებოდნენ.

მურუსიძის განცხადებას მოსამართლეთა ნაწილი გამოეხმაურა და განმარტა, რატომ არის აშშ-ის პროგრამა ნაყოფიერი და ისაუბრეს რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება.


2021 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია.

პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე საბჭო თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ დატოვეს, მათ ადგილას კი პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს [გოგინაშვილმა საბჭო უკვე დატოვა და 23 ოქტომბერს მის და გოჩა აბუსერიძის ნაცვლად საბჭოში მურუსიძე და გვრიტიშვილი შევიდნენ].

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში.

4 ნოემბერს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას გამოეხმაურა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი და განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სასამართლო ხელისუფლებაც ასევე დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე საქმიანობს და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნენ სხვადასხვა ინსტანციის მოასამართლეები.