„მაოცებენ ისინი, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდათ ამ ვიზიტებით“ - მოსამართლეები მურუსიძეს პასუხობენ

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტები არაეფექტიანია, მოსამართლეები გამოეხმაურნენ და მისი განცხადება გააკრიტიკეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე წერს, რომ მან სასწავლო ვიზიტით და გამოცდილების გაცვლით მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინა.

„სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის, გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით.

ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ ღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით.

მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით. იმედია, ასეთები უმცირესობაში არიან.

მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია, იღვის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება“, – წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.

ეკა არეშიძის Facebook-პოსტს სხვა მოსამართლეებიც გამოეხმაურნენ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძე, რომელიც ასევე პროგრამის მონაწილე იყო, წერს, რომ ამერიკაში სასამართლო პროცესზე დასწრებამ მას დაანახა, რა როლი აქვს მოსამართლეს.

„ამერიკაში სასამართლო პროცესებზე დასწრებამ დამანახა და მასწავლა შეჯიბრებითობაზე დამყარებულ პროცესებზე რა დიდი როლი აქვს მოსამართლეს. უამრავი მადლობა ამერიკელ კოლეგებს ჩვენი მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის“, – წერს მსხილაძე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მადონა მაისურაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით თითოეულმა მოსამართლემ დიდი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა.

„სამუშაო ვიზიტებით საბჭოს წევრებიც არაერთ ქვეყანაში არიან ნამყოფი და ექსკურსიად აღქმა არასწორია. ამით ყველა იმ ადამიანის შრომის დაკნინება ხდება, ვინც ძალიან დიდ რესურს დებს საერთო საქმეში და რუსთავის საქალაქო სასამართლო ყოველთვის წარმატებით იყენებს იქ მიღებულ გამოცდილებას“, – დაწერა მან.

კოლეგების მოსაზრებას იზიარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი.

„აშშ-ში ყოფნისას ძალიან საინტერესო სასამართლო სხდომებს დავესწარი და ქალთა როლის გაძლიერების თაობაზე არაერთი საინტერესო შეხვედრის მონაწილე ვარ, რომ არაფერი ვთქვა პროფესიული ეთიკის კუთხით ჩატარებულ დისკუსიებსა და გამოცემულ წიგნებზე. წარმატებები პატივცემულ კოლეგებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ“, – წერს ის.

გასიტაშვილის კომენტარს გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჩიხლაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდათ და შეუძლებელია ამის არაღნიშვნა.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ აშშ-ში ქართველი მოსამართლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები გააკრიტიკა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მოსამართლეების წაყვანა გამოცდილების გასაზიარებლად არაეფექტიანია და უკეთესი იქნებოდა, თუკი სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით არ შეეცდებოდნენ.

„მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი?!“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile