რატომ შეჩერდა ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესი პარლამენტში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა 4 ნოემბერს დასრულდა, მას შემდეგ კი პროცესი გაჩერდა. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ახლა კონსულტაციების ეტაპია, რომ პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები რომელიმე კანდიდატზე შეთანხმდნენ, თუმცა კონსულტაციებიც ჯერ არ დაწყებულა.

„რა მომენტშიც იქნება ის კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის ირგვლივ შეგროვებული, რა თქმა უნდა, შემდეგ კენჭისყრას ექნება აზრი. ამისთვის საჭიროა, რომ ერთმანეთში აზრები გაიცვალოს და ვფიქრობ, ამ კვირაში ეს პროცესი დაიწყება.

ყველა კანდიდატის მოსმენა შეძლო პარლამენტმა და ახლა არის მნიშვნელოვანი ეტაპი, კონსულტაციების ეტაპი და აქ მნიშვნელოვანია მხარეებმა დაილაპარაკონ“. – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, გასულ კვირას  არ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე, არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებიც, ამიტომაც ვერ მოხერხდა კონსულტაციების დაწყება

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თვითონ იქნება ინიციატორი კონსულტაციების დაწყების.

„მე პირადად ავიღებ ამის ინიციატივას და პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებს, ფრაქციის თავმჯდომარეებს, ოპონენტი პარტიის მათ შორის, ვთხოვ რომ დავიწყოთ კონსულტაციები. თუკი ვინმეს თეორიული შანსი აქვს, რომ ჩვენ შევთანხმდეთ მის კანდიდატურაზე, ამაზე ვიმსჯელებთ.

ჩვენ ერთ პროცენტიც არ გვინდა დავუშვათ, რომ რომელიმე პუნქტი ჩავარდეს, ამიტომ, თუკი შეთანხმება თეორიულად მაინც შესაძლებელია რომელიმე კანდიდატზე, ჩვენ შევეცდებით, ეს შანსი პრაქტიკულად ვაქციოთ“, – თქვა მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ვის უჭერს მხარს, ცნობილია საზოგადოებისთვის, მაგრამ „ოცნებას“ არ სურს ამ პროცესში მკაფიო პოზიცია ჰქონდეს.  ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ უმრავლესობა ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ეძახის „ოცნება“ კონსულტაციებს, რადგან გასაუბრებამ და შეფასებებმა აჩვენა, რომ ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს კონკურენტები არ ჰყავს.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ოცნება“ ტექნიკურ მიზეზებს ასახელებს, რატომ ვერ დაიწყო აქამდე პროცესი, თუმცა არ აქვს იმედი, რომ პროცესი სწრაფად წავა წინ.

„არ ისმის „ქართული ოცნებისგან“ ვის უჭერენ მხარს, ამიტომ რთულია ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის. ოპოზიციამ შევთავაზეთ სამი კადიდატი. მათ აქვთ არჩევანი და ველოდებით პასუხს მათგან ამ სამ კანდიდატზე“, – ამბობს ხათუნა სამნიძე.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარდგენილი იყო სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი. მათგან მოუსმინეს ომბუდსმენობის მსურველ 17 კანდიდატს. გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ მოხსნა კანდიდატურა. კანდიდატურა მოხსნა ასევე კიდევ ერთმა კანდიდატმა –  ნიკოლოზ ნიკოლაძემ.  „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე პარლამენტში არ მივიდა.