არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. ყველაფერი გამოძიების პროცესშია - დუდა

პუბლიკა

პოლონეთი აცხადებს, რომ მას არ აქვს რაიმე „დამაჯერებელი მტკიცებულება“ იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტები, რომლებიც დაეშვა პოლონურ სოფელში უკრაინის საზღვართან და დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ: „ამჟამად ჩვენ არ გვაქვს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა… სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია“.

გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ პრეჟევოდოვთან, ერთ-ერთ ფერმაში აფეთქდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

როგორც CNN წერს, უცნობია საიდან გაჩნდა ჭურვები, თუმცა რაკეტების ჩამოვარდნა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და ამის შესახებ ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს.