გუშინ, 21 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული” გახსნა, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყო. გახსნაზე მან აღნიშნა, რომ ღონისძიება პოლიტიკასთან კავშირში არაა, ამის მიუხედავად კი რეგიონების ოფიციალური პირები არ მივიდნენ.
„მიკვირს, რომ რეგიონიდან ან არავინ წამოვიდა ოფიციალური პირებიდან ან ვერ გაბედა წამოსვლა… ოფიციალური პირებიდან რომლებიც უნდა იყვნენ ყველანაირად დაინტერესებული ჩვენი რეგიონების განვითარებით, აქაც არავინ არ გახლავთ… სხვა რეგიონებს ასევე მოვიპატიჟებთ, იმედი მაქვს, რომ მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო აქტიურები იქნებიან და და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა, ეს სასახლე არის ყველასი, ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ჩემი, ეს არ არის ჩემთან დაკავშირებული…“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
,,რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა. ის სამ დღეს გასტანს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ტრადიციული რეწვის ნიმუშებს, ასევე თანამედროვე სვანი ხელოვანების ნამუშევრებს. დაგეგმილია სამეცნიერო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებიც.