მოკავშირეებმა დაუდასტურეს საქართველოს მხარდაჭერა და აღნიშნეს რეფორმების გატარების მნიშვნელობა - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იმისი მაგალითია, რომ უმჯობესია ალიანსმა ახლავე იმუშაოს თავისი პარტნიორების გაძლიერებაზე. შესაბამისად ალიანსის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს თავიანთი მხარდაჭერა. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ და ბოსნიელ კოლეგებთან ერთად კარგად მიიღეს ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, რომელზეც გამოვხატეთ სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ.

ვფიქრობ თუკი უკრაინის ამბავმა რამე გვასწავლა ისაა, რომ ამ ქვეყნებს ახლავე უნდა დავეხმაროთ. მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ მათ სხვადასხვა გზით ახლა, როცა მეტი მხარდაჭერის შესაძლებლობაა.

უკეთესია მხარდაჭერის აღმოჩენა მანამ, სანამ პროცესები არასწორი მიმართულებით განვითარდება, როგორც ეს წელს ვნახეთ უკრაინაში ომის დაწყებისას. სწორედ ამიტომ გვაქვს საქართველოში წვრთნების და შეფასების ცენტრი, სადაც NATO-ს ათობით წარმომადგენელი მუშაობს.

მოკავშირეებმა გააკეთეს ახალი განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვჭირდება საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობა. სწორედ ამისთვის ვიყენებთ ჩვენს წარმომადგენლობასაც საქართველოში.

ჩვენ ასევე დავადასტურეთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამავდროულად კი, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების და მხარდაჭერის შეთანხმებულ პაკეტზე საქართველოსთან ერთად მუშაობის მნიშვნელობას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბუქარესტში ფინეთის, შვედეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართეს შეხვედრა.