პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის სახელით ბრიფინგი გამართა. ის ამბობს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურება კარგი არ იქნება პარტისთვის და მოქმედ თავმჯდომარეს მოუწოდებს, ჩანიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა.
ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საორგანიზაციო-სამუშაო ჯგუფმა, რომელიც არჩევნების წესის განსაზღვრის მიზნით შეიქმნა, გუშინ დაასრულა მუშაობა. ასევე, მისი თქმით, განისაზღვრა ელექტრონული პლატფორმები, რომლის საშუალებითაც გაიმართება არჩევნები. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ახლა მთავარია, პოლიტსაბჭო შეიკრიბოს დროულად და დაამტკიცოს ეს წესი.
„პროცესის გადადება ან შეყოვნება არ იქნება კარგი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი და ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები.
ამისათვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს, განისაზღვროს, დადგინდეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წარმომადგენლების მოსაზრებით პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის და ხელმძღვანელობის ნება.