რა უნდა გააკეთონ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად – საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებია განთავსებული.
რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის:
– იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის [კონტაქტი] ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა;
– თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
– დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა;
– თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტ ხანს;
– იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი;
– დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით;
– ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით;
– თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის (რეფერალურ) სტაციონარს;
– თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში ტრასნპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრასნპორტით, სტაციონარში მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
– ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაძაბულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;
– ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები;
– დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონითა ან ელექტრონული ფოსტით.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.