აუცილებელია თვითიზოლაცია, სიმპტომები გექნებათ თუ არა - გამყრელიძე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს იმ პირებს, ვინც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ აუცილებლად დარჩნენ თვითიზოლაციაში.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება, მოქალაქეებს მოუწოდებს აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

„თუ მივდივართ მაღალი რისკის ქვეყნებში, ესენი არის: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და დავამატებდი იაპონიას, აუცილებელია ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა.

თუ საზღვარზე ან მანამდე გაქვთ სიმპტომები, ეს არის სურდო , ხველება, სუნთქვი გაძნელება, ტემპერატურა, აუცილებელია (საზღვრიდან იცით რომ ხდება თერმოსკრინინგი და ექიმის კონსულტაცია) რომ ეს ადამიანები იყვნენ ტრანსპორტირებული ინფეციურ საავადმყოფოში, თუ ეს სიმპტომები არ გაქვთ მაშინ რეკომენდირებულია, რომ 14 დღე გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაო პასუხისმგებლობა, ვინც ვბრუნდებით იტალიიდან, გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლაციაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ჯამში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იმ პირთან, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომლის შესახებაც დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.