იტალიასთან პირდაპირი ფრენა დროებით შეჩერდა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენა დროებით შეჩერდა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში) მოგზაურობისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

1. საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:

• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

• საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.