დააავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ Facebook-ზე თავად ნიკოლოზ გამყრელიძე წერს.
„იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში.
კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამომდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა.
საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური, ამის გასაჯაროება თავად გადაწყვიტა, რათა ებრძოლოს ვირუსთან დაკავშირებულ სტიგმას და პანიკას.
„1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო. დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 9 დადასტურებული შემთხვევა იყო. 140 ადამიანი კარანტინშია, 42 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.