საქართველოში მედიცინაში დასაქმებულთა 19%-ზე მეტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა შექმნილია - DRG-ის კვლევა

პუბლიკა

„მონაცემთა კვლევის ჯგუფის“ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ზოგადად მოქალაქეთა 16.4% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს, მაგრამ საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელსაც ჰგონია, რომ ვაქცინა არსებობს მედიცინაში დასაქმებულ ადამიანებს შორის უფრო მეტია. DRG-ის გამოკითხვის მიხედვით, მედიცინაში დასაქმებულთა 19.4% მიიჩნევს, რომ ვაქცინა არსებობს, მაგრამ საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

ზოგადად, მოქალაქეთა უმრავლესობა – 65.6% ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. ასევე, მოსახლეობის უმრავლესობა – 63.4% ამბობს, რომ კორონავირუსი და გრიპი ერთი და იგივე არ არის. ხოლო გამოკითხულთა 25.8%-ს ჰგონია გრიპი და კორონავირუსი ერთი და იგივე.

უფრო მეტია იმ ადამიანთა რიცხვი მედიცინაში დასაქმებულებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ კორონავირუსი და გრიპი ერთი და იგივეა – ასე ფიქრობს მედიცინაში დასაქმებულთა 31.3%. ხოლო 17%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ზოგადად გამოკითხულთა უმრავლესობა – 58.6% პასუხობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არსებობს.

„მონაცემთა კვლევის ჯგუფის“ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეთა 19%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველო კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მზადაა. ხოლო 59% მიიჩნევს, რომ საქართველო მზად არ არის, თუმცა ჯანდაცვის უწყებები მაქსიმალურად ცდილობენ ეფექტიანად უპასუხონ გამოწვევას. 18%-ზე მეტი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა მზად არ არის, რაც გამოიხატება ჯანდაცვის უწყებების არაადეკვატურ მოქმედებებში.

ზოგადად, მოქალაქეთა 46.3% ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების არ ეშინია, გამოკითხულთა 43.7%-მა კი განაცხადა, რომ ეშინია. 10%-მა ამ კითხვაზე უპასუხა, რომ „არ იცის“.

მათგან, ვინც ამბობს, რომ ვირუსით დაინფიცირების ეშინია, 45.9% მიიჩნევს, რომ შიში გამოწვეულია მედიის აქტიურობით კორონავირუსის თემაზე, 49% კი მიიჩნევს, რომ „მისი შიში ობიექტურია“.

თუმცა, DRG-ის ჩატარებული გამოკითხვით, მოქალაქეთა უმრავლესობა – 68.9% ამბობს, რომ კორონავირუსზე მუდმივად იღებს საკმარის ინფორმაციას. ხლო 20.1%-მა ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხა.

„მონაცემთა კვლევის ჯგუფმა“ კვლევა 2-4 მარტის პერიოდში ონლაინგამოკითხვის მეთოდით ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5228 ადამიანმა. მათ შორის, 16-24 წლის ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს 41%-ს, 25-45 ასაკობრივი ჯგუფი – 40.3%-ს და 45-ზე მეტი წლის ადამიანები – 18.7%-ს.