ახალი ინფიცირებული პირი ჩამოსულია ესპანეთიდან, მაგრამ იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო მეორე ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა.

„ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში არსებული სიტუაცია, ანუ კონტაქტი ამ პირთან, რომელიც მეოთხე შემთხვევა იყო ჩვენს ცენტრში მოთავსებული პაციენტებისგან. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა  იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა და გამოკვლევა“, – აღნიშნავს ეზუგბაია.

მისი თქმით, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ შედარებით მძიმეა, მას აქვს პნევმონია და ცხელება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთ პაციენტს ამ ეტაპზე არ აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები.

მისი თქმით, დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან 2-თან დადასტურდა კორონავირუსი, 1-ის კვლევა ჯერჯერობით კიდევ გრძელდება.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 15; კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.