შევცდი. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა - ქრთამის აღებაში ბრალდებული პროკურორი

პუბლიკა

მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად. როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ნარკოდანაშაულის საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მან სასამართლო პროცესზე კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სთხოვა.

„დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემს კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას. ის ადამიანები იქ მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, მეც ვემსახურებოდი სახელმწიფოს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კრიმინალი შეგვემცირებინა. მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი – პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო”, – განაცხადა შაკიაშვილმა.


პროკურორი დავით შაკიაშვილი გუშინ, 9 მარტს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ თავისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარი. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დასთანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ.  საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს“,  – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.