სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, მისი ყოფილი მეუღლე 25 აპრილს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.”

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.