თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, 4 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.
„2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა.
მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.
ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.