საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, არჩილ კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დავით ფაცაციას სარჩელი ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ და მოპასუხეს გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
„წარმოდგენილ სარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, და ამავდროულად, ირაკლი კობახიძის სიძე, სადავოდ ხდიდა მედიაში გაჟღერებულ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს. გაკეთებული განცხადებების თანახმად, “არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე”, დავით ფაცაციამდე მიდის.
მოპასუხის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ გაკეთებული განცხადებები იყო შეფასებები, რომელიც ეყრდნობოდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, ხოლო, დავით ფაცაცია მოხსენიებული იყო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც აკისრია ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის შეფასებით, საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი.
ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ტენდენცია არის სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.
„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „პირველის“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.