ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა მტკიცებულებად არ იქნება წარმოდგენილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მოსამართლის პოზიცია გაიზიარა და დაცვის მხარის საჩვარი არ დააკმაყოფილა.
5 მაისს გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ გაასაჩივრა მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილება, რომლითაც დაუშვებელ მტკიცებულებადაა ცნობილი დაცვის მხარის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს ლაზარე გრიგორიადისის საქმის გადადების მიზეზი სწორედ სააპელაციო სასამართლოში ლაზარეს ადვოკატების მხრიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო.
ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ 8 მაისს დაუსწრებლად განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა – უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინამოსამზადებელი და საგამოძიებო სხდომის მოსამართლის, ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილება.
ორივე ინსტანციამ უარი თქვა სახის ამომცნობი [ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა] ექსპერტიზის დანიშვნაზე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც უნდა დაედგინა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცებულებად გამოყენებულ კადრებზე გამოსახული აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისია თუ არა. პიროვნების ვინაობის დამდგენი ექსპერტიზა არც პროკურატურას აქვს ჩატარებული.