სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 და თავდაცვის სამინისტროს 1 თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს.
მათი ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მოქალაქეს სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დანაშაულში ასევე მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დ. რ., რომელმაც ქალაქ თბილისში, 2021 წლის დეკემბრისა და მაისს თვეში, ასევე, 2022 წლის აპრილში, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცავს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს 4000 ლარიანი გირაო შეეფარდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ., რომელმაც 2022 წლის მაისში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ასევე, 2023 წლის მარტში, ქალაქ თბილისში, მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ, აღნიშნულ პირს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თითოეულ საქმეზე, გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილე სამართალდამცავების მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაედო საფუძვლად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1-წლიანი მუშაობის შედეგად, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 36 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.