ევროპულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

2023 წლის 11 მაისს, ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. მის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს პროტესტის მონაწილეების უფლებების დაცვაზე.

TI-ის ცნობით, 2019 წლის 29 ნოემბერს, ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდა. აქციის მიმდინარეობისას, პერფორმანსის სახით, ლობიოს მარცვლების სროლის გამო, პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით მას იმავე დღეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული სასამართლოები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ხშირად უკანონო, დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვალდებულები არიან სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.

ლაშა ჩხარტიშვილის საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა:

  • საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის პოლიციელებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას აქვთ კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე სხვა მოქალაქეებს;

  • არაძალადობრივი ქმედების გამო, პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხი სასამართლომ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა შეამოწმოს. რამდენიმედღიანი პატიმრობის გამოყენებაც კი გამოხატვის თავისუფლებაში მომეტებული ჩარევაა და მას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს;

  • გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პროტესტის შინაარსი, არამედ მისი გამოხატვის ფორმაც. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე პირის ქცევა არ არის ძალადობრივი, მის ქმედებას არც ზიანი გამოუწვევია და არც მოვლენათა ესკალაციაში გადაზრდის საფრთხე შეუქმნია, მისთვის პატიმრობის  შეფარდება არაპროპორციულია.

TI-ის ცნობით, სტრასბურგის საასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ პატიმრობა ისე გამოიყენა, რომ  ამ გარემოებებზე საერთოდ არ უმსჯელია. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონური იყო, შედეგად, დაადგინა, რომ ლობიოს მარცვლების სროლის გამო პატიმრობის გამოყენებით სახელმწიფომ დაარღვია ლაშა ჩხარტიშვილის შეკრების თავისუფლება და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 1200 ევროს გადახდა დააკისრა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმას ითხოვენ, თუმცა, ნაცვლად უფლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა, ხელისუფლება კანონს კრიტიკული აზრის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვისთვის იყენებს. ეს მიდგომა კი მათი შეფასებით, მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან.