დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის საპროტესტო აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე ზვიად შარაძეა. მომდევნო სასამართლო პროცესი 13 ივნისს ჩაინიშნა. მომდევნო სხდომა მოწმეების ჩვენებით გაგრძელდება.
სახელმწიფო ბრალდება ლაზარე გრიგორიადისს მარტის საპროტესტო აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ მათ გაამახვილეს ყურადღება შესავალ სიტყვაში მათ მიერ წარმოდგენილ მოწმეებსა და მტკიცებულებებზე.
ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რასაც ლაზარე გრიგორიადისი აღიარებს არის ის, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა საპროტესტო აქციებზე მარტში, თავის თანატოლებთან ერთად.
„გვაქვს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მოტყუებით მიაცემინეს ჩვენებები, არის არსებითი დარღვევები. ბრალდების მხარეს კი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს.
ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს ასეთი რამ არ ყოფილა“, – თქვა ლიკა ბითაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება რაც უნდა ყოფილიყო, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება, სასამართლომ არ დაუშვა.
„იდენტიფიცირებული არ არის ეს ქმედებები – ვინ ისვრის მოლოტოვის კოქტეილს და ვინ უკიდებს მანქანას ცეცხლს, ეს არ არის დადგენილი და ეს ექსპერტიზა ამას დაადგენდა“, – თქვა ადვოკატმა.
საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე კი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალები. მისი თქმით, სწორედ ამას ეყრდნობა პროკურატურა და საქმის განხილვის პროცესში ამ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
დღეს თბილისის საქალაქოს სასამართლოსთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.