უკრაინის „დივერსიული ჯგუფები“ რუსეთში შემოვიდნენ - ბელგოროდის გუბერნატორი

პუბლიკა

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონის რაიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს მიმართავენ შეჭრის მოსაგერიებლად.

მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია შეჭრის შესახებ და მიმდინარეობს მუშაობა „დივერსანტების“ განდევნაზე.

Reuters იტყობინება, რომ მანამდე ტელეგრამის არხმა Baza-მ, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არის დაკავშირებული, გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ მიიწევს უკრაინული ჯავშანმანქანა გრაივორონის სასაზღვრო პუნქტისკენ.

მათივე ცნობით, უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალ მთავარ გზაზე სამ დასახლებაში შეტაკებები შეინიშნებოდა.

„ღია ბელგოროდის“ ტელეგრამის არხზე ნათქვამია, რომ  რამდენიმე სოფელს შეეზღუდა ელექტროენერგია და წყალი.

უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმის უკან „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსი მოხალისეების კორპუსი“ დგას – ორივე გაერთიანება რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომელიც ამტკიცებს რომ რუსეთში თავდასხმებს გეგმავს, Twitter-ზე წერს, რომ „სრულად გაათავისუფლა“ სასაზღვრო ქალაქი კოზინკა და მიაღწიეს აღმოსავლეთით გრაივორონის რაიონულ ცენტრამდე.

„გააგრძელეთ. რუსეთი თავისუფალი იქნება!“, – წერს ლეგიონი.

ორშაბათს ამავე ჯგუფმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ხუთი მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი – „ჩვენც თქვენნაირი რუსები ვართ. ჩვენც თქვენნაირი ხალხი ვართ. გვინდა, რომ ჩვენი შვილები მშვიდად გაიზარდონ… დროა ბოლო მოეღოს კრემლის დიქტატურას“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.