ბათუმში დაღუპული 15 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულს, მაქსიმუმ, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით ბრალდებულს სასჯელის სახით, მაქსიმუმ, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული არასრულწლოვანთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება გენდერის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“) და  სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარების (140-ე, 1-ლი ნაწილი) მუხლებით აქვს წარდგენილი.

სისხლის სამართლის კოდექსით წარდგენილი მუხლები ითვალისწინებს:

  • 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
  • 140-ე მუხლის პირველი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

ქართულ კანონმდებლობაში არსებობს სასჯელის შთანთქმის პრინციპი – უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრ სასჯელს შთანთქავს, შესაბამისად, თუკი ბრალდებული წარდგენილ მუხლებში დამნაშავედ იქნება ცნობილი, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა მიესჯება.