საია: 8 მარტს დაკავებულების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 8 მარტს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეზე შსს სამართალდარმღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.

„საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.

კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა.

განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.