ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

პუბლიკა

17 ივლისს, გამთენიისას რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, ოფიციალურად, უკრაინის ხელისუფლებას ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, BBC-ის წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან განუცხადა, რომ ღამის თავდასხმა ყირიმის ხიდზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.

„უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდზე იერიში მიიტანეს და ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა (СБУ) და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამავე ინფორმაციით, ხიდზე იერიში საზღვაო დრონებით განხორციელდა. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც დაზიანებული ხიდი ჩანს.

რუსული მედია ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმის ხიდს წუხელ ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს:

„03:05 საათზე ყირიმის ხიდს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. ტერაქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი“.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღიძრა.

ყირიმის ხიდზე აფეთქება გასული წლის 8 ოქტომბერსაც მოხდა, რის შემდეგაც ხიდი სანახევროდ ჩაკეტეს და თებერვალში გახსნეს სრულად.

ყირიმის ხიდი რუსული ანექსიის სიმბოლოდ მოიაზრება. ხიდის მშენებლობით, რუსეთს სურდა, ეჩვენებინა, რომ მოსკოვი და ყირიმი სამუდამოდაა დაკავშირებული. BBC წერს, რომ 2018 წელს ხიდის გახსნისას რუსული მედია ხიდზე მშენებლობის დასრულებას „საუკუნის მშენებლობას“ უწოდებდა.