ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ბოკუჩავაზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ფორმულას“ ცნობით, პროკურატურა ქალისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედამ „ფორმულას” ჟურნალისტზე იძალადა”, – ამის შესახებ ინფორმაცია და შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ” 15 ივლისს გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა 13 ივლისს მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა.
15 ივლისს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
დღეს, 17 ივლისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.