„ვიწყებთ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესს“ - ლევან სამუშია

პუბლიკა

პარტია „ლელო” პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ლევან სამუშიამ განაცხადა.

სამუშიას თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის” საგამოძიებო რეპორტაჟში სახეზეა სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

პარტია მოუწოდებს ოპოზიციას შეუერთდეს იმპიჩმენტის პროცესს.

„ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირი მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, უნდა დაწყებულიყო გამოძიება. საქართველოს პროკურატურაში უკვე უნდა იყოს დაწყებული გამოძიება, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევებში არათუ გამოძიება არ იწყებს, საერთოდ არანაირ წინასაგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს.

ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი. მოვიწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს, პარლამენტის წევრებს შემოუერთდეს იმპიჩმენტის პროცესს. ლელო ყველაფერს გააკეთებს და იმუშავებს იმპიჩმენტის პროცედურაზე”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.