საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით მძიმე მდგომარეობაა, რასაც ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უწყობს ხელს. მისი თქმით, წლების განმავლობაში სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და ქვეყანა სიღარიბიდან გამოსვლის არასწორ გზაზე დგას.
„ბავშვთა სიღარიბის კუთხით მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ამის შეფასებაში ორიგინალური ვერ ვიქნები და, ზოგადად, ეკონომიკური ვითარებაა მძიმე. რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ, როგორც ქვეყანას, არ გვაქვს აღებული ის ტემპი, რომელიც მომავალში გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში, სპეციფიკური მიზეზების გამო, ეკონომიკური მაჩვენებლები გაიზარდა, ამ ტემპით კიდევ წლები არ გვეყოფა, რომ ევროკავშირის წევრ ყველაზე უფრო ღარიბ ქვეყანას დავეწიოთ.
მთელი ამ წლების განმავლობაში მთავარი მიმართულება იყო ხარჯების ზრდა ბიუროკრატიაზე ან იმ ტიპის სოციალურ პროგრამებზე, რომლის ბენეფიციარები არ არის სწორად განსაზღვრული და ჯამში, გამოდის, რომ თანხები იფლანგება. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ხდება ეკონომიკაში ჩარევა ვითომ ეკონომიკისა და ხალხის დახმარების მოტივით, რომელიც სინამდვილეში, უკეთეს შემთხვევაში არის ფულის ფლანგვა, უარეს შემთხვევაში – კორუფცია.
ჩვენ ძალიან არასწორ გზაზე ვადგავართ ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლის მიმართულებით და ზოგადად მიდგომაა არასწორი. იმის განსაზღვრა, რომელი სფეროა უკეთ გასავითარებელი, არის აბსურდი და როგორც წესი, საბოლოო ჯამში, იწვევს ზიანს. „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, ინვესტიციებს მოიზიდავს, სიღარიბესა და უმუშევრობას შეამცირებს და მოქალაქეების შემოსავალს გაზრდის, ოჯახებს გააძლიერებს“, – აღნიშნავს ბოკერია.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სოციალური შემწეობის ოდენობა უნდა გაიზარდოს და პრობლემის აღმოსაფხვრელად, გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება, რომელშიც წლების განმავლობაში უამრავი თანხა იხარჯება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხარჯების ფოკუსირება მიზნობრივად მოხდეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებზე და შეიქმნას ვაუჩერიზაციის სისტემა, რომელსაც ოჯახები თავად განკარგავენ.
„სოციალური დახმარება, რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, მაგრამ რის ხარჯზე უნდა გაიზარდოს, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. უამრავ საკითხში, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვიდან, რომელიც შეძლებულ ადამიანებსაც ფარავდა, სახელმწიფო ასევე, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებსაც ისევე ეპყრობა, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს და ეს არასწორი მიდგომაა.
ჩვენ გვჭირდება, ზოგადად, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება და შემდეგ უკვე ყველა დახმარების მიზნობრივად ფოკუსირება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებზე და ამ ოჯახებში მცხოვრებ არასრულწლოვან ბავშვებზე. ჩვენი დამატებითი, სპეციფიკური მიდგომა და ხედვაა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ამ საკითხში უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვაუჩერიზაციით, ვაუჩერების მიწოდებით ყველა ოჯახისთვის, გარდა გარკვეულ ზღვარს ზემოთ მყოფი შეძლებული ოჯახებისა და ამ ვაუჩერებს ოჯახები თავად განკარგავენ, რაში და როგორ გამოიყენონ.
რა თქმა უნდა, მოსახლეობის საშუალო კლასიც უნდა იღებდეს მათ მიერ გადახდილი გადასახადების შეგროვილი თანხიდან ვაუჩერს, თუმცა უნდა მოხდეს დიფერენციაცია საშუალო კლასსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების და სპეციფიკურად იმ ბავშვების, რომლებიც ამ ოჯახებში ცხოვრობენ. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ოდენობა, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ და მეტი სჭირდებათ. ასეთი მიდგომა არის ყველაზე რაციონალური და სწორი“, – ამბობს ბოკერია.
ბოკერია ეხმაურება უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებულ ინიციატივასაც და ამბობს, რომ უფასო საყოველთაო კვება ეფექტიანი ვერ იქნება და არასწორი მიდგომაა, რაც, საბოლოო ჯამში, კორუფციას შეუწყობს ხელს.
„სკოლებში სხვადასხვა ტიპის მოსწავლეები სწავლობენ. არიან მოსწავლეები, რომელთა მშობლებსაც შემოსავალი აქვთ და მას რატომ უნდა ჰქონდეს უფასო კვება? უფასო უნდა იყოს იმისთვის, ვისაც უჭირს. ამიტომ არ არის ეს ეფექტური და არასწორი მიდგომაა. უნდა დაეხმარო იმ ოჯახებს და ბავშვებს, ვისაც სჭირდება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის და ეს არ უნდა იყოს საყოველთაო.
ვაუჩერული სისტემა უნდა იყოს და თუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის დიფერენცირებულად მეტი იქნება ვაუჩერის ოდენობა, ეს მათ უნდა განკარგონ, სკოლაში საკვებს უყიდიან ბავშვს, თუ სად და როგორ დახარჯავენ.
მიდგომა, რომ მოდი, გავაკეთოთ ყველასთვის უფასო სასკოლო კვება, გამოიწვევს კორუფციის სკანდალებს და უბრალოდ თანხის ფლანგვას. იმის ნაცვლად, რომ მეტით დაეხმარო იმას, ვისაც თვითონ არ შეუძლია თავის რჩენა, შენ ამ თანხას ანაწილებ ყველაზე, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია“, – ამბობს ბოკერია.
გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ წევრების კომენტარსაც გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
ბოკერიასთვის „ოცნების“ არგუმენტი დამაჯერებელი არ არის, რადგან, მისი თქმით, ბიუროკრატიული ხარჯის შემცირების შემთხვევაში, მიზნობრივი დახმარების გაზრდა შესაძლებელია.
„ოცნების“ არგუმენტი, თითქოს უფრო მეტი რესურსი სჭირდება ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ არის დამაჯერებელი. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, ბიუროკრატიული ხარჯის დრამატული ზრდა გვაქვს.
სიღარიბიდან ქვეყნის ამოსასვლელად ყოველთვის სასურველია, მთავრობა ნაკლებ ფულს ართმევდეს ადამიანებს იმ დოვლათიდან, რომელსაც ისინი ქმნიან თავიანთი შრომით. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უკვე არასწორი კურსი აქვს და არსებობს კონკრეტული მაგალითები, რაში იხარჯება თანხა.
სრულიად რეალისტურია, რომ ის ხარჯი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა და აქვს ბიუროკრატიას, საკმარისი იყოს როგორც გადასახადების შემცირებისთვის, რომელიც ეკონომიკის ჭაობიდან ამოსაყვანად მთავარი ამბავია, ასევე მიზნობრივი დახმარების გასაზრდელად, რომელიც უშუალოდ სიღარიბეში მყოფ ოჯახებსა და ბავშვებს შეეხებათ. არსებობს რესურსი, იმდენად შემცირდეს დღეს არსებული ბიუროკრატიული ხარჯი, რომ ორივე ამოცანა გადაიჭრას“, – აცხადებს გიგა ბოკერია.