26 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, სამი მათგანი კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით გაამწესეს - „სასამართლოს გუშაგი“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის” განცხადებით, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).

ორგანიზაციის ცნობით, სამივე მოსამართლე იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.

„ზემოთ აღნიშნული სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ისინი ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდნენ. ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ იყო დაკომპლექტებული (პარლამენტი არ ირჩევდა არამოსამართლე წევრებს), საბჭომ, კანონით დადგენილი წესით შეფასების გარეშე, სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე, 2022 წლის 2 ივნისს გაუხანგრძლივა.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ მოსამართლეების უვადო გადანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან 3 წლის თავზე, როგორც ამას “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებდა, არამედ – 4 წლის შემდეგ.

შედეგად, მოსამართლეები – ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული კანონით განსაზღვრული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, 4 წელი ეწეოდნენ სამოსამართლეო საქმიანობას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

დანარჩენი 23 მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა, არიან:

ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შჩერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია

„სასამართლოს გუშაგის” თქმით, საბჭომ ნინო გიორგაძის გარდა ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1 დეკემბერს ეწურებოდათ. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე ნინო გიორგაძის არდანიშვნა „ატარებს სანქციის შინაარსს მისამართლის წინააღმდეგ”.