რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა – საია

პუბლიკა

საიას ცნობით, რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი.

ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10 000-დან 15 000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა, მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

საიას ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საიას დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული კომპენსაცია, ხოლო ერთ მომჩივანთან მიმართებით საია აგრძელებს კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან.