შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს.
„ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზიდა გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ”. – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოქტომბრის დასაწყისში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ის ვლადიკავკაზში იყო დაკავებული.
მოგვიანებით ფონდმა „თავისუფალი რუსეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა ის, რასაც დღეს უწყება საჯაროდ თავადაც ამბობს: აფაილ შეპელევი ტაქსით ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში. ადგილობრივებმა ის რუსეთის საოკუპაციო ძალები (სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის FSB-ის მესაზღვრეები) იმყოფებოდნენ. მათ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რომელიც ოფიციალური თბილისის მიერ ვერ კონტროლდება.