„პროტესტის უფლება გვაქვს წართმეული" — დემონსტრანტებს სამინისტროს ეზოში ისევ არ უშვებენ

პუბლიკა

გაუქმდეს რაჭის ტყეების გამოყენების ლიცენზია — გარემოს დაცვის სამინისტროსთან განახლდა საპროტესტო აქცია, რომლითაც მოქალაქეები ითხოვენ, გაუქმდეს რაჭის ტყეების გამოყენების 49-წლიანი ლიცენზია.

აქციის მონაწილეები კვლავ შენობის ეზოს ჭიშკართან დგანან – პოლიცია მათ არ აძლევს უფლებას, ეზოში შევიდნენ და კარავი იქ გაშალონ.

ქალებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს. გაფუჭდა ამინდიც – არის წვიმა.

ვარლამ  გოლეთიანი ამბობს, რომ ეს ქმედება უკანონოა, ვინაიდან ეზო დიდია, არის უზარმაზარი სკვერი, რომელსაც მოქალაქეები დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იყენებენ. იქვეა ტაძარიც, სადაც მრევლი დადის – შესაბამისად, ეზოში შესვლის უფლება აქციის მონაწილეებსაც აქვთ. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ პროტესტის უფლებას ართმევენ.

ვარლამ გოლეთიანი სახალხო დამცველს მიმართავს, თქვას, ირღვევა თუ არა მათი კონსტიტუციური უფლება.

„შინაარსამდე ვერც კი მივედით. იმას განვიხილავთ, შემიძლია თუ არა, რომ დავდგე”, – თქვა მან.

გოლეთიანმა ომბუდსმენს გუშინ, 19 ნოემბერსაც მიმართა – აპარატში მას უთხრეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ფიზიკურად ადგილზე მისვლით ვითარებას არ აფასებს.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გარემოს დაცვის სამინისტროსთან დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს.

მათ საპასუხოდ გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან ლიცენზიის გაუქმების განხილვის პროცესი ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში განიხილება.

აქცია მოსახლეობამ და მოძრაობამ 27 სექტემბერს ონში დაიწყო – ქალაქის მერიის წინ მათ კარავი გაშალეს. თუმცა, ვინაიდან პროტესტს შედეგი არ მოჰყვა, ისინი 18 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდნენ და გარემოს დაცვის სამინისტროს შენობასთან მივიდნენ, რათა ეზოში შესულიყვნენ და კარავი გაეშალათ. თუმცა ისინი არ შეუშვეს და 11 ადამიანი დააკავეს კიდეც.

აქციის მონაწილეების დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც ისინი სამინისტროსთან ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, სამინისტროს ეზოს მიმდებარედ კარავი მაინც გაიშალა. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაატარეს.