ბიძინა ივანიშვილი Politico-ს ყოველწლიური რეიტინგის „ამრევების" სიაში მე-8 ადგილზეა

პუბლიკა

გამოცემა Politico-მ ევროპის გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა.

სია 3 ნაწილად იყოფა:

აღმსრულებლები (The Doers); ამრევები (disrupters – ადამიანები, რომლებიც ვითარებას უარესობისკენ მოულოდნელად ცვლიან) და მეოცნებეები (dreamers ისინი, ვინც დებატებს მიღმა იდეის ავტორები არიან).

ბიძინა ივანიშვილი „ამრევების“, ანუ უარყოფითი გავლენის მქონე ადამიანთა სიაში მე-8 ადგილზეა.

„თუ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დაუჯერებთ, ის პოლიტიკიდან წავიდა, რათა თავი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებისთვის მიეძღვნა.

მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედია) მის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას” კულისებიდან მართავს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის გზიდან გადაყვანა და კრემლის კლანჭებში ჩაგდებაა.

გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთისTvis სანქციების დაწესებაზე, მოსკოვმა მოხსნა აკრძალვა პირდაპირი ფრენების შესახებ, რომლითაც რუსი დამსვენებლები სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მიდიან. თბილისმა საკუთარი პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი დაიწყო ევროკავშირის დედაქალაქებში მისი მეგობრული მოგზაურობის გამო.

ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად პასუხისმგებელია საქართველოს პრო-მოსკოვურ შეტრიალებაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ”. – წერს Politico.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა ნაწილს: 

აღმსრულებლების სიაში არიან: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, ასევე, თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ერდოღანმა სიაში ყოფნა მედიატორობისთვის დაიმსახურა.

ამრევების სიაში არიან: 

  • ელვირა ნაბულინა – რუსი ეკონომისტი, ამჟამად რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი;
  • კარლეს პუჩდემონი – კატალონიელი პოლიტიკოსი, რომელიც უკვე 6 წელია, ბელგიაში, ქალაქ ვატერლოოში ცხოვრობს. სწორედ 6 წლის წინ მისი ინიციატივით ჩატარდა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის არალეგალური რეფერენდუმი.
  • ვიქტორ ორბანი – უნგრეთის პრემიერმინისტრი. 2010 წლიდან – ანუ იმ დროიდან, როცა ორბანი მეორედ მოვიდა ქვეყნის სათავეში, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და სხვა ინდიკატორები უარესდება. ასევე, ის მეგობრობს ვლადიმირ პუტინთან და აგრძელებს ევროკავშირის გამანადგურებელ მოქმედებებს.
  • ანალენა ბერბოკი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. პოლიტიკოსს, რომელიც ღიად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, Politico პირდაპირობისთვის აკრიტიკებს.
  • მანფრედ ვებერი – გერმანელი ევროპარლამენტარი, EPP-ის პრეზიდენტი. Politico-ს განცხადებით, მან მიგრაციისა და მწვანე პოლიტიკით უკმაყოფილო ხმებზე კაპიტალიზება გადაწყვიტა.
  • ტომ ვან გრიკენი – 28 წლის ბელგიელი პოლიტიკოსი. თუ მისი პარტია 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ბელგია აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდეა. ის მიგრაციის არსებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
  • იოვიტა ნელიუფშიენელიეტუველი დიპლომატი, ევროკავშირის მომავალი ელჩი აშშ-ში. მას ელოდება გამოწვევა, დაარწმუნოს აშშ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების სერიოზულობაში.
  • ბიძინა ივანიშვილი – ოლიგარქი.
  • ბიორნ ჰოკე – ფაშისტი – გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ის წევრი. მისი მოტოა: „ევროკავშირი უნდა მოკვდეს, რათა ნამდვილმა ევროპამ იცოცხლოს“.

რაც შეეხება „მეოცნებეთა“ სიას: 

მას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიდერობს. Politico მას უინსტონ ჩერჩილის, მარტინ ლუთერ კინგის და ნელსონ მანდელას გვერდით აყენებს.

ამავე სიაშია რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ჯერ ნავიჩოკით მოწამლეს, შემდეგ კი დააპატიმრეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.