საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს, რომლებსაც ერთი და იგივე შინაარსი აქვთ, ქართულ ენაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.
თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება, “- წერს ირაკლი ღარიბაშილი ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გასცა.