თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული კაცი უდანაშაულოდ ცნო.
ადგილობირივი მედია knwes ბრალდებულის ადვოკატის კომენტარს ავრცელებს. ადვოაკტის თქმით, ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
„გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა”,-განაცხადა ადვოკატმა.
საქმის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა დაზარალებულად ცნობილი ქალი.
ახალგაზრდა კაცი 22 აპრილს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი შვილიშვილი ბებიას, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, საძინებელ ოთახში კეტავდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.