ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევის შედეგები ცნობილია

პუბლიკა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს.

კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლთასთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით; როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

კვლევის ძირითადი მიგნებით:

  •  საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
  •  საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.
  • 24%-ს — ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია;
  • 8%-ს — ეკონომიკური ძალადობა;
  • 6%-ს — ფიზიკური ძალადობა;
  • 4%-ს — სექსუალური ძალადობა.
  • საქართველოში სექსუალური ძალადობა (18 წლამდე ასაკში) ქალების 5%-ს გამოუცდია.
  • საქართველოში ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%- ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალები ამბობენ, რომ ამ შემთხვევების:
  • 41% – ქუჩაში ხდება;
  • 28% — საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • 11% — სკოლაში ან უნივერსიტეტში;
  • 8% — სამუშაო ადგილზე.

საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე.

ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი — უცნობისგან.

საქართველოშისულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა:

  • ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ქალების უმრავლესობა  გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს:

  • ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია;
  • რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია;
  • პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის „გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ შესრულებაში დაეხმარა.

აღნიშნული რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად მიიჩნია. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ეროვნული კვლევა საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით მომუშავეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – ნათქვამია პრესრელიზში.