ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.
დღეს, 22 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაინგრეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მოქმედი შენობა და მის ნაცვლად ახალი აშენდეს.
მიზეზად მთავრობამ დაასახელა ის, რომ საერთაშორისო სტანდარტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ ხერხდება, ვინაიდან ძველი შენობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, „უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია”.
ამასთან, უწყების განცხადებით, კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”. – მიუთითებს ჯანდაცვის სამინისტრო.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
განცხადების თანახმად, უწყება ამ პაკეტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. მათივე თქმით, თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.