რუსებმა ხარკოვში სამსართულიანი სასტუმრო დაბომბეს

პუბლიკა

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვში 6 თებერვალს, გამთენიისას სამსართულიანი სასტუმრო დაბომბეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.

ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი იყო 4 ადამიანი, სინეგუბოვის ინფორმაციით, სამი დაშავებული მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ერთ ადამიანი კვლავ ნანგრევებშია.

„მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს დაიბადა. სამი ქალი აფეთქებით და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილია ბავშვის დედაც“, – წერს სინეგუბოვი ტელეგრამის არხზე.

მისივე ცნობით, რუსებმა დასახლებას ღამით  S-300 ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს.

სინიეგუბოვის თქმით, რუსულმა სამხედრო ძალებმა გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 20 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთს ჯარები უტევენ ადმინისტრაციულ შენობებს, სახლებს, ადგილობრივ კაფეებსა და მაღაზიებს.


ხარკოვის დაბომბვის პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

გონჩარენკოს თქმით, მას ჰქონდა საშუალება ესაუბრა ბორელთან მატარებელში.

„ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია“, – წერს გონჩარეკნო ტელეგრამის არხზე.