ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს, უკრაინაში მებრძოლ მამუკა მამულაშვილს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ მამულაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რუსული მედიის თანახმად, მამულაშვილს ბრალად ედება დაქირავებული საქმიანობა და მედიის საშუალებით სიძულვილის გავრცელება.
„ქართული ლეგიონი“ შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც უკრაინული ძალების გვერდით 2014 წლიდან იბრძვის. იგი ძირითადად შედგება ყოფილი ქართველი სამხედროებისგან, რომლებსაც აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტებში ბრძოლის გამოცდილება.
„ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება, დაახლოებით 1 300 სამხედროს აერთიანებს.