იუსტიციის საბჭო დატოვეს იმ წევრებმა, რომლებიც უზენაესში მოსამართლეობის კანდიდატები არიან

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიასა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძეზე.

ინფორმაციას ავრცელებს „სასამართლოს გუშაგი“, რომლის წარმომადგენელი 14 მარტის სხდომას ესწრებოდა.

განახლება:

მოსამართლე ბადრი შონიამ „TV პირველს“ განუცხადა, რომ მან თანამდებობა „ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად და კითხვის ნიშნების მოსახსნელად“ დატოვა. მისი თქმით, მისი გამოცდილებითა და კომპეტენციით იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა.

„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს.

„გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული.

2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.

„სასამართლო გუშაგის“ შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად გათვალისწინებული რეფორმების დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება შეკითხვებს აჩენს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა უფლებამოსილების ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.