საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, დღეს საქართველოში ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და ნარატივი, რომ აშშ არის ე.წ. „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოში რევოლუციის წახალისებას ცდილობს. დანიგანის თქმით, დეზინფორმაცია ეხება იმასაც, თუ რას ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი.
„საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი ძაფი არის ის, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას, რაც სრული სიცრუეა. სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“ და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები.
ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია, არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია.
32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ“, – აღნიშნა ელჩმა(IPN-ის თარგმანი).
ამასთან, ელჩის თქმით, აშშ ინარჩუნებს ერთგულებას ქართველი ხალხის და მათი მისწრაფების მიმართ, გახდნენ ევროკავშირის წევრი და გააძლიერონ ევროატლანტიკური ტრაექტორია.
„გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა, გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს“, – აღნიშნა ელჩმა(IPN-ის თარგმანი).