GWP: რამდენიმე დღით წყალი გრაფიკით, დღეში 3-დან 7 საათამდე დროით იქნება

პუბლიკა

Georgian Water and Power აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში წყალი გრაფიკით, დღეში  3-დან 7 საათამდე იქნება მანამ, სანამ წიწამურთან მაგისტრალური წყალსადენი არ აღდგება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მანამდე რეზერუარების შევსება ალტერნატიული საშუალებებით მოხდება.

კომპანიაში დაზუსტებით ისევ ვერ ამბობენ, როდის დასრულდება სამუშაოები.

„მომხმარებლებს სრულიად უწყლოდ არ ვტოვებთ. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გითხრათ, რომ ხვალ დავიწყებთ და ზეგ დავამთავრებთ.

სამუშაოები დაიწყება მალე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში”. – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მაგისტრალური წყალსადენი წიწამურთან 16 ივნისს დაზიანდა და წყლის მიწოდებაც შეწყდა.

წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.

GWP-ის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

კომპანიის განცხადებით, დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.