კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

20 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინეს და მათ კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

ამის შემდეგ კანდიდატებს განხილვის გარეშე უყრიან კენჭს პლენარულ სხდომაზე.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეები საბოლოოდ არჩევის შემდეგ უფლებამოსილების შესრულებას გვარების ანბანური თანმიმდევრობით შეუდგებიან.

უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა, თუმცა ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურებათ. მესამე თანამდებობა კი მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ალექსანდრე წულაძემ 2023 წლის დეკემბერში დატოვა თანამდებობა, რადგან ის  განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

კომიტეტზე მოსამართლეებს შეკითხვები დაუსვეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ და სისტემის გამოწვევის შესახებ.

მოსამართლე გიზო უბილავამ განაცხადა, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, „კლანი“ არ არსებობს.

„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოსდა კლანი არსებობს სასამართლოში. ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს“, – განაცხადა მან.

ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, როგორ აფასებს მოსამართლე სასამართლოს დამოუკიდებლობას 2012 წლამდე და მის შემდეგ, მოსამართლე ამბობს, რომ სისტემა 2012 წლამდე დამოუკიდებელი იყო, დღეს კი „იმ პიკს არის მიღწეული, რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტად დამოუკიდებელია სასამართლო“.

მოსამართლე ბადრი შონია აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს პირველი გამოწვევა ხელოვნური დისკრედიტაციის კამპანიაა, რომელიც „კლანის“ არსებობას უკავშირდება.

„უკვე წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, პროპაგანდა მიმდინარეობს, რამაც ჩემი აზრით, ყველაფერი მეორე პლანზე გადასწია, ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის ნაკლებობა და ამ დროს, მომართვიანობა არის მომატებული. როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის პირდაპირ ნარატივი, პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს „კლანი“, არაპირდაპირ გაგებით, „კრიმინალები“ და ამ დროს, სასამართლოში მომართვიანობა მატულობს, ხალხს უნდა, რომ მისი საქმე სასამართლომ განიხილოს, ამ დროს, ევროსასამართლოში მიმართვიანობა იკლებს და რაც მიდის, იმაზეც, რა თქმა უნდა, ადგილობრივ, ეროვნულ სასამართლოებს დარღვევას ძალიან ცოტა საქმეზე უდგენს. ჩემთვის ეს ამოუხსნელია და მე მგონი, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რაც სასამართლოს წინაშე დგას ამ პროპაგანდასთან გამკლავებაა. ვსაუბრობთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს ისეთი ბერკეტი, რომ პროპაგანდას ყოველ ჯერზე ეფექტურად უპასუხოს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იგივე ტემპით ვაგრძელებთ, რომ საქმეები განვიხილოთ, ჩვენ ხალხს მაღალი დონის მართლმსაჯულება მივაწოდოთ. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ხალხი რეალურად გვენდობა, მომართვიანობა მაღალი ამიტომაც არის და ამას კვლევებიც ადასტურებს. კვლევებს გავეცანი და ჩვენი ქვეყანა რომ შევადაროთ თუნდაც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ამ საკითხში, მართლმსაჯულების კუთხით, იმ ქვეყნებთან შედარებით ჩვენ წინ ვართ და ჩვენთან უფრო გამართული მართლმსაჯულებაა და ეს იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს ყოველდღიური პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას „კლანი“ მართავს“, – განაცხადა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა ბადრი შონიამ.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული.

2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.

უზენაესის კანდიდატების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.