ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უკრაინასა და მოლდოვას EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ულოცავს. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა ყველა ქვეყნისთვის, ვინც რეფორმების გზაზე რჩება.
„ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას. თქვენ ევროკავშირის გზაზე ჭეშმარიტი ერთგულება აჩვენეთ. ბევრი საქმე რჩება გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. ეს ასევე არის ცხადი ნიშანი, რომ ევროკავშირის კარი ღიაა ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც რეფორმების გზაზე რჩება”, – წერს ის.
დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე.
ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.
ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.