ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, დღეიდან აითვლება EU-ში ჩვენი წევრობის დაწყება

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო.

ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან.

„დღეს არის ისტორიული დღე – ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ გაწევრიანებაზე განაცხადს.

თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გასულ დეკემბერს კი მოვიპოვეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებებზე. მაგრამ მხოლოდ დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დაწყება – ევროკავშირსა და უკრაინას შორის პირველი სამთავრობათაშორისი კონფერენცია დღეს იმართება.

მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გვაქციოს. ჩვენ არასდროს გადავალთ ჩვენი ერთიანი ევროპის გზიდან, ყველა ევროპული ერის საერთო სახლის გზიდან. სახლის, რომელიც აუცილებლად მშვიდობიანი უნდა იყოს”, – წერს ზელენსკი.

დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე.

ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს.

7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.

ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.