შსს: 2000 წელს დაბადებულმა კაცმა 2 ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი — დაიღუპა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.