საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ამჟამად გაჩერებულია“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.
„27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით.
ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, – განაცხადა ელჩმა.