ბლინკენი: F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს ზაფხულში იფრენენ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, F-16-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს, ზაფხულში იფრენენ. ამის შესახებ ბლინკენმა ნატო-ს სამიტის პარალელურად მიმდინარე საჯარო ღონისძიებაზე განაცხადა.

„ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. მათ შორის დანიიდან, ნიდერლანდებიდან. ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს ზაფხულში იფრენენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა რუსეთის აგრესიისგან […].

სამხედრო კუთხით გვაქვს საოცრად ძლიერი პაკეტი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში გავასაჯაროებთ ნატო-ში. ეს პაკეტი ქმნის მკაფიო, ძლიერ ხიდს უკრაინის ნატო-ში გაწევრებისკენ. მათ შორის, პირველად ნატო-ს ისტორიაში ასპირანტი ქვეყნისთვის შეიქმნება სარდლობა, რომელიც უკრაინას ალიანსში გაწევრებაში დაეხმარება. ეს ექსტრაორდინარულია“, – განაცხადა ბლინკენმა.

F-16-ების გადაცემას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, დანიასა და ნიდერლანდებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინას რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება.

„ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უნარი გააგრძელოს ტერორი უკრაინელი ხალხის, ქალაქებისა და თემების მიმართ, შემცირდება.

F-16-ები ასევე გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაგვეხმარებიან უკრაინელების უკეთ დაცვაში რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, როგორიც იყო დარტყმა კიევის ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.

ველი, რომ ჩვენი საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ახალი მონაწილეების შეერთებით. F-16-ები აახლოებენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რაც აჩვენებს, რომ ტერორი ყველგან და ნებისმიერ დროს უნდა დამარცხდეს.

ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში, რათა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს”, – წერს ზელენსკი.