დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“

პუბლიკა

დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობის მიზანია, დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, ლაშა ძებისაშვილი და ივა ჭყონია არიან.

„100 დღე გამარჯვებამდე – აირჩიე ევროპა“ და „აირჩიე საქართველოს თავისუფლება და კეთილდღეობა“ – ასეთია სამოქალაქო მოძრაობის მთავარი გზავნილები.

„დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც ვირჩევთ არა უბრალოდ სასურველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვერთიანდებით რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში საქართველოს ევროპული არჩევანის გამარჯვებისთვის და ვიწყებთ 100-დღიან მეგაპამპანიას – აირჩე ევროპა“, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის წარდგენის ვიდეორგოლში.

სამოქალაქო მოძრაობა 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე 100 დღიან უწყვეტ ევროპულ მარათონს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი:

    • ევრომობილი – სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს მოსახლეობასთან ე.წ. „ევრომობილების“ საშუალებით ჩავლენ გააცნობენ ინფორმაციას თუ რატომ და როგორ აირჩიონ ევროპა;
    • თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის – ყველა ციფრულ პლატფორმაზე უწყვეტ მარათონში ყველა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი გამოხატავს თავის პოზიციას და მიაწვდენს ხმას, თუ რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა და რატომაა მომავალი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის;
    • ემიგრანტის ხმა – კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო რეგისტრაციაში, არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდასა და ხმების დაცვაში;
    • ევროპის ახალგაზრდა ელჩები – ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებში, დაბებსა  და სოფლებში  მიიღებენ შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერას და ჩაებმებიან დიდ ევროპულ მარათონში.